"ინფო რუსთავი" შეეცადა გაერკვია, რა ღირს კომერციული და საოფისე ფართის დაქირავება რუსთავში და რომელ ადგილებზეა ყველაზე მოთხოვნადი კომერციული მიზნებისთვის ფართის ქირაობა.
რუსთავში კომერციული ფართების ფასი მის ადგილმდებარეობასა და არსებულ პირობებზეა დამოკიდებული. ქალაქში კომერციული ფართის 1მ2-ის მინიმალური ღირებულება 6 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე აღწევს.
ბინების ყიდვა-გაყიდვის სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, ყველაზე ძვირი და ამასთანავე მოთხავნადი ადგილები კომერციული მიზნებისთვის ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზეა, მათ შორის კოსტავას და მეგობრობის გამზირებზე, ასევე მესხიშვილის ქუჩაზე. მაგალითისთვის, კოსტავას ქუჩაზე 130 მ2 ფართების ქირაობა 1500 ლარიდან 2500 ლარამდეა შესაძლებელი.
მესხიშვილის ქუჩაზე მცირე ფართის, მაგ:18 მ2-ის ქირაობა საშუალოდ თვეში 300 ლარი ჯდება, შედარებით დიდი ფართობის ტერიტორიის ფასი, მაგ: 470 მ2-ის ყოველთვიური ქირა 6000 ლარს აჭარბებს.
რუსთავში ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ფართების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა როგორც მეპატრონეები აცხადებენ, კლიენტთან ხანგრძლივი ხელშეკრულების გაფორმება უჭირთ, ამის მიზეზად კი არასტაბილურ ბიზნეს გარემოს ასახელებენ.