სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში რუსთავიდან 37 წვევამდელი გაიწვიეს.
წვევამდელები სამედიცინო შემოწმების შემდგომ სხვადასხვა დანაყოფში გადანაწილდებიან. გაწვევის პროცესს ესწრებოდა რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუაც.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის, ინფორმაციით, ის პირები, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს არასაპატიო მიზეზით აარიდეს თავი, გადამოწმდებიან, მათ მიმართ ჯარიმის ოქმები გამოიწერება და სასამართლოს გზით მოხდება ადმინისტრაციული სახდელის დადება. ფულადი სანქცია 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
როგორც "ინფო რუსთავს" მიხეილ თათარაძემ განუცხადა, გაწვევის ამ ეტაპზე რელიგიური ორგანიზაციის წევრობის გამო 100 პირი ვერ გაიწვიეს, მათგან 97 პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურია.
საგაზაფხულო გაწვევის მორიგი ეტაპი 30 აპრილს ჩატარდება. საგაზაფხულო გაწვევები კი ივნისის დასაწყისში დასრულდება.
ავტორი: ირმა კურტანიძე