"ჩლუნგებო, უტვინოებო, ბატებო" - როგორ მიმართავენ პედაგოგები მოსწავლეებს

2018-04-11 11:53:23

პედაგოგები მოსწავლეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მოსწავლეების მიერ უფროსების მხრიდან მათდამი დამამცირებელი მიმართვის დასახელებული ფორმებია: „დებილო!“, „სულელო“, „უჭკუო“, „დაუნო“ „ლაწირაკო“, „უტვინოებო, ბატებო, ჩლუნგებო“, „სახედრებო“, „თახსირშვილებო“, „ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით“, „დედა ნახე, მამა ნახე...“, „თქვენ ყველანი ციხეში ამოლპებით“, „ეშმაკსაც წაუღიხართ“,„ოჯახში არ იზრდები?!“, „ჩემი შვილი რომ იყო, საჭმელს არ გაჭმევდი“, „შენი მშობლის ადგილზე სახლიდან არ გამოგიშვებდი“, „ტყვილა ცვითავ ტანსაცმელს“, „სისხლი გაგიშრათ თქვენ“, „მათხოვრებო“, „დეგენერატებო“, „საღორეში იზრდებით“, „წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი“.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, მასწავლებლების მხრიდან ძალადობრივი რეაგირება უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც წესებს ბიჭები არღვევენ. ბიჭები და გოგონები ადასტურებენ, რომ ბიჭები უფრო მკაცრად ისჯებიან.

ანგარიშში საუბარია ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორებიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკნა/მოქაჩვა, პწკენა, ხელით შეხება/დარტყმა, მოსწავლის ფეხზე და კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება. მოსწავლეთა თქმით, ასეთი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე გადალაპარაკებას, ხმაურს, გაკვეთილზე დაგვიანებას, დავალების შეუსრულებლობას.

მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა. მერე ამავე მოსწავლეს ოთხი ფუნთუშა უყიდა, არავისთვის რომ არ მოეყოლა ეს ამბავი. მეორედ, მსგავსი შემთხვევის დროს, პედაგოგმა მოსწავლეს 10 ქულა დაუწერა“.

მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობის დროს ქაღალდი ისროლა. ამის გამო მასწავლებელმა მას ის ქაღალდის ნაგლეჯი პირში ჩაადებინა“.

ბავშვებმა გაიხსენეს შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლის სიტყვიერი დამცირება/დაცინვა პედაგოგის მხრიდან მის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა იყო და არა რეაგირება მოსწავლის არასწორ ქცევაზე. „გაჭყლეტილ ბაყაყს გავხარ“, „სპილოს ყურები გაქვს“, „ერთი მასწავლებელია და ვინც ვერ სწავლობს, ყველას დასცინის, მაგალითად, იცის, რომ ბავშვმა კარგად არ იცის კითხვა და სიცილით ამბობს იმაზე - ბავშვებო, ახლა ის წაიკითხავს ყველაზე კარგადო“.

"ინფო რუსთავი" რუსთავის სკოლებში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის გასარკვევად საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს, თამარ ხეჩიკაშვილს, დაუკავშირდა, როგორც ხეჩიკაშვილი აცხადებს, რუსთავის სკოლებში მოსწავლეთა დამცირების შემთხვევები არ ფიქსირდება და არც მშობლებს მიუმართავთ მსგავს საკითხზე ცენტრისთვს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პედაგოგის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდება, მომხდარს დისციპლინური კომიტეტი განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის თანახმად, აკრძალულია პედაგოგის მხრიდან მოსწავლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულ კვლევაში ჩართული იყო სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით. ჯამში 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთაგან 98 საჯარო და 5 კერძო სკოლა იყო და 6 სკოლაპანსიონი.

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე