კახა კალაძის ინიციატივა

2018-04-10 11:01:54

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ თხოვნით მიმართა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომ მატჩის ორგანიზება კვირის ბოლოსთვის მოხერხდეს.

"თბილისი ყოველთვის ტოლერანტულ ქალაქად ითვლებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ტოლერანტული ქალაქი ვართ და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. რაც მოხდა, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, რომელშიც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩვენც ჩავერთოთ. ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ"-განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ,რომ 8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.