უკანონო თევზჭერის ფაქტზე მოქალაქეები დააკავეს

2018-04-07 17:20:21

მარნეულის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ საიმერლოს მიმდებარედ, მდინარე ხრამზე, მოქალაქეები ნავიდან თევზჭერას ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახორციელებდნენ.

დეპარტამენტის თანამშრომლების ადგილზე მისვლის შემდგომ, მოქალაქეებმა გადააგდეს ელექტროშოკური აპარატი და ავტომანქანით შეეცადნენ მიმალვას. ხოლო, დევნის პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტომანქანას შეეჯახნენ. გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქეები დააკავეს.

ამოღებულია გასაბერი ნავი, 2 ერთეული აკუმულატორი, 2 ერთეული ე.წ. ოზეკა, ნიჩაბი, ჩოგანი და მოპოვებული 20 კგ. თევზი.

მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რაც ჯარიმას 2000-4000 ლარს და 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჯარიმას 5000 ლარს ითვალისწინებს. ამასთან ავტომანქანის მძღოლის მიმართ, დეპარტამენტის თანამშრომელთათვის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში ხელის შეშლის გამო, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ-ის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით.

გარემოსათვის მიყენებული ზიანის დადგენის შემდგომ, საქმე გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე