სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.
პატრიარქმა ქადაგებაზე დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულებს. იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული. მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთის განგებით ღვთისმშობელ დედას და მიმართა მას – გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთან არს. ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე გამიგონია მათგან, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული. შევთხოვოთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. სულიწმინდა მოვიდეს ჩვენს ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.