სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისას რუსთავში დარღვევა დააფიქსირა. ერთერთ სუპერმარკეტში შემოწმებულ გაყინულ პილმენში ცხენის ხორცი აღმოჩნდა. ნახევარფაბრიკატი სურსათის მწარმოებელ შპს „კამა“-ს ეკუთვნის. სუპერმარკეტის მფლობელი აცხადებს რომ - "ჩვენ შემოტანილ პროდუქტს კვლევას ვერ ვუტარებთ, იმაზე რომ პროდუქტი ვარგისიანი იყოს პასუხისმგებელია მწარმოებელი, ჩვენ ვუზრუველყოფთ რომ მისი შენახვა ყოველგვარი წესების დაცვით მოხდეს, ამ შემთხვევაშიც ამ პროდუქციის დარღვევაზე პასუხისმგებელია "კამა".
როგორც შპს „კამა“-ს წარმომადგენელმა „ინფო რუსთავთან“ განაცხადა მათ მიერ მარტის თვეში მომწოდებლისგან შეძენილ იქნა 15 კილოგრამი ხორცი, რომლისგანაც დამზადდა გაყინული პილმენი. სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლელის შედეგად დადასტურდა, რომ პილმენში ცხენის ხორცი იყო გამოყენებული. "კომპანიამ ჩაატარა შიდა კვლევა, რის შემდგომაც იდენტიფიცირებული იქნა ის პირი ვის მიერაც მოწოდებულ იყო ცხენის ხორცი. მომწოდებელმა საქონლის ხორცში გაურია და ამ გზით შემოგვაპარა ხორცი. მან აღიარა საკუთარი დანაშაული და ჯარიმაც თვითონვე გადაიხადა. პროდუქტი გაყიდვებიდან სრულიად იქნა ამოღებული. ცნობისთვის შპს „კამა“-მ დაარსებიდან ოთხი წლის განმავლობაში 15-ჯერ გაიარა ლაბორატორიული შემოწმება და მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა დარღვევა" - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისას სულ 9 დარღვევა გამოავლინა. ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი. დარღვევა ქვემო ქართლის გარდა დაფიქსირდა შიდა ქართლშიც, ხოლო დანარჩენი შვიდი შემთხვევა ცხენის ან ვირის ხორცის იდენტიფიკაციაზე თბილისშია აღმოჩენილი, კერძოდ ეს დარღვევები ეხება: შპს „მადა“-ს, „კედარ“-ს, „ლაშარ“-ს, „მერკადო“-ს, „გიო“-ს და ი/მ „დავით წოწკოლაური“-ს მიერ წარმოებულ ნახევარფაბრიკატებს. მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.