საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ინკლუზიური გარემო შეაფასეს. პრეზენტაციაზე საია-ს კვლევის შუალედური შედეგები არჩევნების გენდერული ანალიზის და ეთნიკური უმცირესობების ელექტორალური ქცევის შესახებ იყო წარმოდგენილი.
როგორც "საიას" კვლევაშია აღნიშნული, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა დაბალია. გასულ წელს არჩევნებში მონაწილე პირებს შორის ქალთა რაოდენობამ 13.46% შეადგინა. 64 არჩეული მერიდან კი მხოლოდ ერთია ქალი.
კველვის თანახმად, ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ პრობლემას წარმოადგენს პარტიების მხრიდან მაჟორიტარულ არჩევნებში ქალების კანდიდატებად წარუდგენლობა და არა ამომრჩევლის მხრიდან ქალი კანდიდატების მხარდაჭერა. ხოლო, გენდერული დანამატი, რომელსაც 15 პოლიტიკური პარტია იღებს, ძირითად შემთხვევაშო პარტიაში ქალთა გაძლიერებას არ ხმარდება.
"ისევე როგორც სხვა რეგიონებში, რუსთავშიც ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა საკმაოდ დაბალია, საკრებულოშიც არ გვყავს წარმოდგენილი მდედრობითი სქესი დიდი რაოდენობით და მათი ხმაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად არ ჟღერს, თუმცა დადებითიც არის რუსთავის მაგალითზე, აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მოადგილე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი გვყავს, თუმცა ისევე როგორც სხვა საკრებულოებთან მიმართებაში, რეკომენდაცია არის, რომ უფრო მეტი აქტივობა იყოს, შეიქმნას გენდერული საბჭოები თვითმმართველობებში და სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ხელშემწყობი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობისთვის" - განაცხადა "საიას" რუსთავის ოფისის ადვოკატმა და საარჩევნო პროექტის ანალიტიკოსმა, გვანცა საკანელაშვილმა.
რაც შეეხება, ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში ჩართულობას, კვლევის მიგნებების თანახმად, ეთნიკურ უმცირესობებს პოლიტიკური პარტიების მიმართ დაბალი ნდობა აქვთ, ასევე დაბალია მათი ინფორმირების ხარისხი პოლიტიკური პარტიების შესახებ.
კვლევა პროექტის "საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის" ფარგლებში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ავტორი: ირმა კურტანიძე