ჩინური კოსმოსური სადგური ხვალ ჩამოვარდება

2018-04-01 20:34:24

ჩინეთის კოსმოსური სადგურის "ტიანგუნ 1"-ის ნამსხვრევების დედამიწაზე ჩამოვარდნამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. "ბი ბი სის" ინფორმაციით, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ბოლო პროგნოზით, კოსმოსური სადგური ატმოსფეროში თბილისის დროით 04:25 საათზე შემოაღწევს. იმ ქვეყნებს შორის, სადაც "ტიანგუნ 1"-ის ფრაგმენტების ჩამოვარდნაა მოსალოდნელი, საქართველოც არის.

2016 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ კოსმოსურ ხომალდთან კავშირი დაკარგეს და ამ დროიდან მისი გაკონტროლება აღარ შეუძლიათ. შესაბამისად, უცნობია, ზუსტად რა ადგილზე ჩამოვარდება ის. ევროპის კოსმოსური სააგენტო აქვეყნებს რუკას, რომელზეც ის ადგილებია მონიშნული, სადაც კოსმოსური სადგურის ჩამოვარდნაა შესაძლებელი. ამ არეალში საქართველოც ხვდება.

კოსმოსური ხომალდის ჩამოვარდნის გამო ნერვიულობა არ ღირს. მისი ძირითადი ნაწილი ატმოსფეროში შეღწევისთანავე დაიწვება. ზოგიერთი ფრაგმენტი, მაგალითად, საწვავის ავზი, შესძლოა მთლიანად არ განადგურდეს, თუმცა შანში იმისა, რომ ის დედამიწაზე ადამიანს დაეცემა ან სხვა სერიოზულ ზიანს გამოიწვევს, უკიდურესად მცირეა.

8.5 ტონიანი "ტიანგუნ 1"(ჩინურად სამოთხის სასახლე) კოსმოსში 2011 წლის სექტემბერში გაუშვეს. ის ჩინეთის პირველი კოსმოსური სადგური და ექსპერიმენტული კოსმოსური ლაბორატორიაა. სადგურმა ასტრონავტებსაც უმასპინძლა, თუმცა მხოლოდ რამდენიმედღიანი პერიოდებით. ჩინეთის პირველი ქალი ასტრონავტი ლიუ იანი "ტიანგუნ 1"-ს 2012 წელს ეწვია. ოთხი წლის განმავლობაში სადგური სრულყოფილად მუშაობდა და საწვავის დიდი ნაწილი დახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წონა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.