"ჩემში კონკურენტს ხედავდა და თეატრიდან მომიშორა"

2018-03-29 21:38:39

რეჟისორი გურამ ბრეგაძე რუსთავის თეატრის დამდგმელი რეჟისორის თანამდებობიდან  ოფიციალურად გაათავისუფლეს -ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის თეატრში დაუდასტურეს. როგორც გიგა ლორთქიფანიძის სახ. პროფესიულ დრამატულ თეატრში განმარტავენ, გათავისუფლების მიზეზი თეატრის შინაგანაწესის რამდენჯერმე დარღვევა გახდა.

თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ ბრეგაძემ ინფო რუსთავს განუცხადა, რომ  თეატრის წინააღმდეგ  სამართლებრივ დავას იწყებს.

„ძალიან დიდ სკანდალს ავტეხავ იმიტომ, რომ უსამართლოდ მომექცნენ, თეატრის მენეჯერმა სოსო ნემსაძემ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ის პირად საუბრებში მეუბნებოდა რომ მე ქალაქის ხელმძღვანელობამ გამიშვა დაკავებული თანამდებობიდან რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ქალაქის ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია თუმცა ისრები რუსთავის მერისკენ მიდიოდა და ამას სოსო ნემსაძე ცდილობდა. ირაკლი ტაბაღუა მენეჯერის საქმიანობაში ვერ ჩაერევა და ეს მე კარგად ვიცი . დიდ პატივს ვცემ ირაკლი ტაბაღუას ,მის მიმართ პირდი სიმპატიები გამაჩნია მისი საქმიანობიდან გამომდინარე. აქ არის კონკურენციის თემა, და ამიტომ მომიშორა ნემსაძემ თეატრიდან. თეატრის შინაგანაწესი არ დამირღვევია და რაც დაიწერა დოკუმენტში ყველაფერი ტყუილია. ჩემი თეატრიდან გაშვების სამართლებრივი უფლება არ ქონდათ და ამიტომ ვაპირებ დავას სასამართლოს გზით. მოვითხოვ სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.  8 პიესა მაქვს დაწერილი და ფული არ აქვთ ჩარიცხული, დაახლოებით 20 000 ლარზეა საუბარი. რაც შეეხება ჩემს სპექტაკლებს რომელიც დავდგი რუსთავის თეატრში გაჩერდება და რეპერტუარში ვერ ჩასვავენ, არ დავუშვებ რომ მასე დამამცირონ ,თუ გურამ ბრეგაძე არაა საჭირო თეატრში მაშინ არც მისი სპექტაკლებია საჭირო. ბევრი რამ გავაკეთე რუსთავის თეატრისთვის და გეტყვით, რომ ამ ამბავს გადაყვება  სოსო ნემსაძე და ის დატოვებს თანამდებობას“- განაცხადა რუსთავის თეატრის უკვე ყოფილმა რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ.