რუსთავში ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდა გოგოს ავტომობილი დაეჯახა [video]

2026-10-22 15:58:44

რუსთავში ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდა გოგოს ავტომობილი დაეჯახა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხიდზე ერთ-ერთი საბურავი გაუსკდა და მის შესაცვლელად ავტომობილიდან გადმოვიდა. 30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მომავალი ავტომობილი შეეჯახა და ავტომობილზე მიჭყლიტა. ინერციით კი გოგოს ავტომობილი მის დასახმარებლად გაჩერებულ კიდევ ერთ ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმის კოორდინატორ-ორგანიზატორმა და მორიგე ექიმმა ივანე ბალიაშვილმა განუცხადა, პაციენტს ქვედა კიდურების მძიმე, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. შემოყვანილია ტრავმული შოკით, ორივე ქვედა კიდურის მძიმე, მრავლობითი მოტეხილობით. მათ შორის იყო ღია მოტეხილობები. მომზადდა საოპერაციოდ. ჩატარდა ჰემოტრანსფუზია, მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულ მდგომარეობაში ავიყვანეთ ოპერაციაზე. 

ამ ეტაპზე რა მონაცემებიცაა, დაზიანების თვალსაზრისით კიდურის ამპუტაციის საკითხი არ იდგა, არც ტრავმული, არც გეგმიური. თუმცა წინ რთული პერიოდია გასავლელი. სჭირდება გარეგანი და შინაგანი ფიქსაცია, ბარძაყიც მოტეხილია და ორივე წვივის ძვლებიც. პლუს ამას, რბილი ქსოვილების დაზიანებებიც. ჩემი ბოლო ინფორმაციით მიმდინარეობდა ოპერაციული ჩარევა, რის შემდეგაც გადაიყვანენ რეანიმაციულ განყოფილებაში",- გვითხრა ივანე ბალიაშვილმა. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, რომელიც ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები