2026-11-16 14:08:29
რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი დასრულდა.
ფესტივალს ქალაქმა მეხუთედ უმასპინძლა და 7-15 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ქალაქის 10 თეატრალური დასი წარსდგა.
ფესტივალის დასკვნით დღეს მაყურებელმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „მწვანე ბარათი“ იხილა.
ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესო ინსცენირებისთვის თამაზ გოდერძიშვილის სახელობის ჯილდო თავისუფალი თეატრის სპექტაკლისთვის „ვთამაშობთ კვაჭი კვაჭანტირაძეს“ რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილს გადაეცა.
საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო რუსთავის თეატრის მსახიობმა მარიამ მღებრიშვილმა მიიღო.
ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო ასევე რუსთავის თეატრის მსახიობს, ანდრია ვაჭრიძეს, გადაეცა.
გამოვლინდა ორი საუკეთესო სტუდენტი რეჟისორი. მათ მომავალ სეზონზე რუსთავის თეატრში საკუთარი სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობა მიეცემათ.
წელს ფესტივალზე პირველად დაწესდა დრამატურგისა და მთარგმნელის, თამაზ გოდერძიშვილის სახელობის ჯილდო საუკეთესო დრამატურგიისთვის, რომელიც რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს გადაეცა სპექტაკლისთვის ,,ვთამაშობთ კვაჭი კვაჭანტირაძეს".