ესპანეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

2018-03-23 15:06:34

ესპანეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ისინი ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებულთაგან ორი წარსულში სხვადსხვა მუხლითაა ნასამართლევი.

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედებები  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ პოლიციასთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობდა.