2026-09-22 18:08:04
რუსთავში რამდენიმე ბავშვს კოკსაკის ვირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" N1 დიაგნოსტიკური ცენტრის პედიატრმა, ნინო კიკილაშვილმა განუცხადა.
კიკილაშვილის განმარტებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ყოველთვის მატულობს ვირუსის შემთხვევები.
"ბაღებში არის ეს ვირუსი ამ დროისთვის. ჩვეულებრივი მოვლენაა არაფერი განსაკუთრებული. ვერ ვიტყვი რომ წელს რაღაცა განსაკუთრებულად ბევრია ინფიცირების შემთხვევა. ამ პერიოდში ყოველთვის მატულობს ხოლმე ვირუსის შემთხვევები და არ მახსოვს რომ გართულებულიყოს. ინფიცირების გზა არის ძალიან მარტივი შეხებით გადადის და სასურველია, როდესაც დედა შეამჩნევს ბავშვის კანზე გამონაყარს, ხელების და ფეხების მიდამოში ან პირში, არ წაიყვანოს ბაღში",- განაცხადა პედიატრმა, ნინო კიკილაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას.
ექიმი დაავადების პრევენციისთვის მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვები დატოვონ სახლში და ერთმანეთი გააფრთხილონ ვირუსის არსებობასთან დაკავშირებით.
კოკსაკის ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან, ხველა, თავის ტკივილი და გამონაყარი. კოკსაკი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ დაავადებულ ადამიანთან ურთიერთობას და დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. რისკის ჯგუფს 0-დან 3 -წლამდე ბავშვები და მოხუცები განეკუთვნებიან.