რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილების მიმდინარეობისას ლოცვას აიძულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო GHN ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას "ინფო რუსთავი" ორივე მხარესთან შეეცადა, როგორც მეოთხე სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, დაწყებითი კლასის პედაგოგი გაკვეთილებს ლოცვით იწყებს და ასევე ლოცვით ამთავრებს, გარდა ამისა გოგონებს კაბების ჩაცმას სთხოვს, რადგან შარვლის ტარება ეკლესიურად, ცოდვად მიაჩნია.
"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკაშირებით მე-4 სკოლის დირექტორს, მამუკა ხამხაძეს, დაუკავშირდა. როგორც ხამხაძე აცხადებს, ფაქტის შესახებ "ინფო რუსთავისგან" გაიგო და გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს. დირექტორი აღნიშნავს იმასაც, რომ პრობლემით მშობლებს სკოლისთვის არ მიუმართავთ.
"ლოცვა არანაირად არ შეიძლება იყოს სასწავლო მიზანი, ეს არის რელიგიური ხასიათის აქტი, რომლის განხორციელება გაკვეთილზე არ შეიძლება. ამის შესახებ სკოლაში ყველა მასწავლებელი არის ინფორმირებული. რაც შეეხება გავრცელებულ ფაქტს, მე ამის შესახებ შევიტყვე სამუშაო დღის ბოლოს, შესაბამისად სკოლის მასწავლებელთან ამ პრობლემის შესახებ საუბარი დეტალურად არ მქონია, ამიტომ აქ მოტანილი ფაქტების ვერც დადასტურებას და ვერც უარყოფას ვერ მოვახდენ, ვიცი ერთი, რომ ლოცვა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გაკვეთილზე გამოყენებული. მეორე ის, რომ არცერთ მშობელს ამ პრობლემაზე არ მოუმართავს არც სიტყვიერი და არც წერილობითი საჩივრით სკოლის ადმინისტრაციასთან, შესაბამისად ჩვენ უნდა შევისწავლოთ აქ მოყვანილი ფაქტები და შესაბამისად მასწავლებელთანაც უნდა ჩავატაროთ შესაბამისი სამუშაოები." - აღნიშნა მამუკა ხამხაძემ.
რაც შეეხება სკოლის ფორმების საკითხს, დირექტორის თქმით, სკოლას შინაგანაწესით მინიჭებული უფლებით განსაზღვრული აქვს სასკოლო ფორმა- "ჩვენ გვაქვს განსაზღვრული სასკოლო ფორმა, რომელიც გულისხმობს სწავლისათვის შესაბამის ჩაცმულობას შავი, თეთრი, ლურჯი და შესაბამისი გარდამავალი ფერებით. არანაირი ტიპის აკრძალვა არც სიტყვიერად არც ჩანაწერით - გოგონებმა შარვალი ჩაიცვან თუ კაბა, არ არსებობს. უმჯობესი იქნებოდა მშობელს მიემართა მასწავლებლისთვის ან დირექციისთვის, იმიტომ რომ ეს შეიძლებოდა გადაგვემოწმებინა, ამიტომ ასეთი ჩასაფრებული პოზიცია ჩემთვის მიუღებელია."
მამუკა ხამხაძის ინფორმაციით, სკოლაში შიდა მოკვლევა ჩატარდება და ლოცვის შესახებ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქმე დისციპლინურ კომიტეტს გადაეცემა, რომელიც შესაბამის დასკვნას დადებს.
ავტორი: ირმა კურტანიძე