2026-10-08 12:09:01
იტალიაში არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობის, დოკუმენტების გაყალბებისა და ქართველი მომვლელების (ბადანტების) შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იტალიის ფინანსური პოლიციის (Guardia di Finanza) ცნობით, ოპერაციის ფარგლებში ფაქტზე 29 პირი დააკავეს, საერთო ჯამში, საქმეში 101 ადამიანი ფიგურირებს.
იტალიის 10 ქალაქში (ბოლცანო, ტრენტო, უდინე, კროტონე, რეჯო ემილია, რეჯო კალაბრია, გორიცია, პორდენონე, პიზა და ბოლონია) 95 ჩხრეკა ჩატარდა.
გამოძიების ვერსიით, ჯგუფს საქართველოს ორი მოქალაქე ხელმძღვანელობდა, რომლებიც თანამემამულეებს იტალიაში არალეგალურად ჩაყვანას სთავაზობდნენ. ჩასვლის შემდეგ სამხრეთ ტიროლსა და ტრენტინოში მცხოვრებ ოჯახებში ასაქმებდნენ. აღნიშნულ ოჯახებს უკანონო სქემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
გაყალბებული დოკუმენტაციისა და პერსონალური მონაცემების ცვლილების გზით, 100-ზე მეტ ქართველ ქალზე ყალბი საგადასახადო კოდები (codici fiscali) გაიცა, რის შედეგადაც ისინი საბუთებში ევროკავშირის მოქალაქეებად ფიქსირდებოდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი სრულად აკონტროლებდა დასაქმებულთა ცხოვრებას: ჩამორთმეული ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
ოჯახიდან ოჯახში გადაჰყავდათ მათი თანხმობის გარეშე; სამუშაოს შენარჩუნებისა და "ფიქტიური ლეგალიზების" სანაცვლოდ, ქალებს აიძულებდნენ ხელფასის ნაწილი ან დამატებითი თანხები შუამავლებისთვის გადაეხადათ.