2026-08-17 17:07:36
რუსთავში რუსთავის ფოლადის საწარმოში მუშამ სხეულის დამწვრობები მიიღო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 33 წლის კაცმა დამწვრობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო, მას გადადნობილი მეტალი შეესხა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმმა ივანე ბალიაშვილმა განუცხადა, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ. კაცს სხეულის 4%-იანი დამწვრობა აქვს და დამწვრობასთან ერთად აღენიშნება ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაბეჟილობა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირმაც: "საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისთვის ცნობილი გახდა, რომ 17 სექტემბერს შპს "რუსთავის ფოლადი"-ში, კერძოდ ფოლად სადნობის საამქროში დასაქმებულმა მიიღო სხეულის დამწრობა . პროფკავშირი ანხორციელებს მოკვლევას და მოუწოდებს კომპანიას დანერგოს შრომის უსაფრთხოების სტანდარტები",- ნათქვამია განცხადებაში.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.