იყო თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა

2018-03-18 23:02:39

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე. არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე წუთში სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები გამოჩნდნენ. პერიმეტრს აკონტროლებდა  საპატრულო პოლიციაც.

დაშავებული მგზავრები სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მანქანიდან გადმოიყვანეს. მძიმედ დაზიანებული მგზავრები საკაცეებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში მოათავსეს და პირველადი დახმარების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ „ინფო რუსთავს“ რამდენიმე მკითხველი დაუკავშირდა. ჩვენ ინფორმაცია შსს-ში გადავამოწმეთ სადაც გვითხრეს რომ ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება და რომ სინამდვილეში ავარია არ მომხდარა.

საქართველოს პროკურატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს მართავს. დღეს თბილისი- რუსთავის მაგისტრალზე იმიტირებული ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოეწყო. პროექტის მიზანია მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს ავტოსაგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდოს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.