2026-09-12 11:48:27
ადგილობრივები ლეონიძის ქუჩაზე ხეების ჭრას აპროტესტებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას აგილობრივმა, ვლადიმერ ბერუაშვილმა განაცხადა, მისაღები იქნება თუ მხოლოდ გამხმარ ხეებს მოჭრიან და ცოცხალ ხეებს ხელს არ ახლებენ.
"ვაპროტესტებთ იმას, რომ ამ ცოცხალ ხეებს ჭრიან. გვეუბნებიან ეს ხალხი რომ დავალებული აქვთ მერიიდან და ამ ცოცხალ ხეებს ჭრიან. შეიძლება ეს მიწა ისე აიღონდ რომ არც ხე დააზიანონ არც არაფერი. რომელი ხეც მოსაჭრელია კიბატონო მოჭრან მაგრამ რომ ჭრიან ამ ხეებს ცოდო არ არის? ამ ხეებს ვზრდიდით მთელი მოსახლეობა, ყველა გვერდში დამიდგება. ან გაგვაცნონ პროექტი მოასხეობას. ახალი ხეები უნდა დარგონო, კი ბატონო დარგონ ახალი ხეები მაგრამ ესენიც შეინარჩუნო ხო შეიძლება. ესაა მეტი არაფერი...",- განაცხადა ლეონიძის მოსახლემ, ვლადიმერ ბერუაშვილმა.
"ინფო რუსთავი" ასევე დაუკავშირდა რუსთავის მერიას, სადაც განგვიცხადეს:
"ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტროტუარების მიმდებარედ, საპარკინგე ზოლის გასწვრივ, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება.
რუსთავში დღეს მიმდინარე ყველა პროექტში გათვალისწინებულია გამწვანების კომპონენტი.
ყველგან, სადაც დაავადებული ხე- მცენარის ამოღება ხდება, განსაზღვრულია ახალი მცენარის დარგვა.
ჯანსაღი მცენარეები, კი გადატანილია რუსთავის სანერგე მეურნეობაში და მათი დარგვა, ქალაქის სხვა ტერიტორიაზეა განსაზღვრული.
ძალიან მალე რუსთავში გამწვანების საშემოდგომო სამუშაოები დაიწყება.
ახალი მწვანე სივრცე შეიქმნება ყველა იმ ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც, ბოლო პერიოდში განხორციელდა".
აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის სამსახურმა სამუშაოები გააგრძელა.