2026-07-23 15:44:43
ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ სიგრძის ამორტიზებულ ქსელს აახლებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი, გიგა ნადირაძე.
"პროექტის ძირითად მიზანს წყალარინების ამორტიზებული ქსელის ფუნდამენტური განახლება წარმოადგენს. აღმაშენებლის გამზირზე ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობა ხშირად იწვევდა სისტემურ შეფერხებებსა და ქსელის დაზიანებებს, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე სრულად განახლდება წყალარინების ქსელი და მოეწყობა 28 ერთეული ჭა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონ ლარზე მეტია - აღნიშნული ინვესტიცია უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე“ - გიგა ნადირაძე, GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მუმართულების დირექტორი
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯივიპიმ მაისის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე აგვისტოში დაასრულებს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.