რუსთავიდან 100-ზე მეტი წვევამდელი ვერ გაიწვიეს

2018-03-10 18:29:15

რუსთავიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო და საგაზაფხულო გაწვევებისას რელიგიური ორგანიზაციის წევრობის გამო 122 პირი ვერ გაიწვიეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო
აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ თათარაძემ განუცხადა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2017 წელს საშემოდგომო გაწვევისას პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლებიდან" სამხედრო სამსახურის გადავადებაზე განაცხადი 72-მა მოქალაქემ შეიტანა.
ხოლო, 2018 წელს 9 თებერვლიდან, საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში, "ბიბლიური თავისუფლებიდან" განაცხადი 50-მა პირმა წარადგინა.

მიხეილ თათარაძის ინფორმაციით, სავალდებულო სამსახურის გადავადებითვის, გაწვევის სამსახურს სხვა კონფეციების წარმომადგენლებიც მიმართავენ.
"მოგვმართავენ, არა მარტო "ბიბლიური თავისუფლებიდან" და იეჰოვას მოწმეები, არამედ მართლმადიდებელი მრევლიც, მაგალითად, მოდიან სტიქაროსნები, ხატმწერები მამაოებთან ერთად რეკომენდაციით და ითხოვენ , რომ ვთქვათ, ეკლესიას ემსახურონ მებაღეებად და ა.შ,  ასეთი მოთხოვნები გვქონდა რამდენიმე, ამას  მასობრივი ხასიათი არ აქვს, როგორც "გირჩის" ორგანიზაციიდან, ამ მხრივ სტატისტიკა რადიკალურად განსხვავდება, ეს ოფიციალური დოკუმენტია და კანონმდებლობა იმის უფლებას არ გვანიჭებს, რომ გამოვიკვლიოთ. აქვთ ოფიციალური დოკუმენტი, ოფიციალური სტატუსი მინიჭებული - მღვდელმსახური და ვალდებული ვართ, რომ კომისიამ იმსჯელოს და გადაავადოს კანონის ფარგლებში " - აღნიშნა მიხეილ თათარაძემ.

"ბიბლიური თავისუფლებიდან" გახშირებული მიმართვის გამო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესთან დაკავშირებით ცვლილებას ზოგიერთი მუნიციპალიტეტი  (კერძოდ, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მერები) ითხოვს.

შეგახსენებთ, პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" 2017 წლის 21 აპრილს დააფუძნა.

ავტორი: ირმა კურტანიძე