ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც 1 პირი გარდაიცვალა

2026-06-11 12:19:40

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ჩხუბის დროს კაცის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ 5 პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით 1 პირი დაკავებულია სსკ 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო 4 პირი სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით დააკავეს. ხუთივე პირი 25 წლამდე ახალგაზრდაა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რესტორან "იმპერიიდან" გამოსულ 2 ჯგუფს შორის საუბარი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე ადამიანს შორის მოხდა. კამათი 45 წლის კაცსა და ერთერთ ახალგაზრდას შორის სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, რა დროსაც 25 წლამდე ბიჭმა კაცს ხელი დაარტყა. კაცმა სავარაუდოდ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და სუპერმარკეტის მიმდებარედ, ბეტონის ფილაზე თავით დაეცა, მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა. 

გარდაცვლილ კაცს ცოლი და 2 მოზარდი შვილი დარჩა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იძალადა მამაკაცზე. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის თანმხლებმა პირებმა, ფიზიკურად იძალადეს გარდაცვლილის მეგობრებზე. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.