სასიკვდილო თამაშის კიდევ ერთი მსხვერპლი

2018-03-07 14:06:41

სასიკვდილო თამაშის- „ლურჯი ვეშაპის“ კიდევ ერთი მსხვერპლი დაფიქსირდა საქართველოში. 5 მარტს დიღმის მასივში მომხდარი უბედური შემთხვევისას მოზარდი მე-8 სართულიდან გადმოხტა და ავტოფარეხს დაეცა. არასრულწლოვანი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, საბედნიეროდ ის გადარჩა.
როგორც მოზარდის და სალომე შონია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, მისი ძმა კომპიუტერული თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია.
„2018 წლის 5 მარტს, როდესაც მშვიდად ვსეირნობდი მილანის ქუჩებში, სასტუმროში დაბრუნებულს დამხვდა ჯოჯოხეთური ამბავი. ჩემი 16 წლის ნალოლიავები, ნაფერები, კომფორტსა და სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა!
ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი ვერ!
ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული ინტერნეტ სექტა, კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსულ ენაზე, რომელიც ბავშვებს დავალებებს აძლევს, ბოლო დავალება კი სახურავიდან გადახტომაა! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან! იციან მისამართები და მსხვერპლის ოჯახზე ყველა დეტალი! „
16 წლის მოზარდის და ასევე აქვეყნებს მისი ძმის ფეისბუქ გვერდს სადაც ჩანს, რომ პროფილის გარეკანად არასრულწლოვანს ე.წ „ლურჯი ვეშაპის“ სურათი უყენია და იდენთიფიცირებას ახდენს იმ ადამიანებისა, ვისაც ეს სურათი მოწონებული აქვს და შესაძლოა ისინიც გაწევრიანებულნი არიან ამ თამაშში.
როგორც ცნობილია მსხვერპლს გადახტომის შემდგომაც მიუვიდა შეტყობინება „ლურჯი ვეშაპის“ ადმინისტრატორებისგან დავალების შესრულების თაობაზე.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი