შესაძლოა ავტოფარეხების დემონტაჟი მოხდეს

2018-03-06 20:39:25

შესაძლოა რუსთავში ავტოფარეხების დემონტაჟი მოხდეს. როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, თუ მოსახლეობა მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენებული ან დაუსრულებელი ფარეხების დემონტაჟს მოითხოვს, რუსთავის მერიას წერილობით უნდა აცნობოს, შესაბამის სამუშაოებს კი თვითმმართველობა საკუთარი ხარჯებით განახორციელებს. „ყველაზე იდიალური მიდგომაა როდესაც, მოსახლეობა თავის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწაზე უკანონო მშენებლობებზე, ასევე დაუმთავრებელი ავტოფარეხების ან რაიმე სახის კონსტრუქციის დემონტაჟს ითხოვს, ამ მხრივ მუნიციპალიტეტი გამოთქვამს მზაობას, რომ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ" - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც მეგობრობის ქუჩის #31 საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებმა რუსთავის მერს ეზოში არსებული ნაგებობების დაშლის თხოვნით ერთ-ერთი შეხვედრის დროს მიმართეს.

არსებული ინფორმაციით საცხოვრებელ ზონებში ავტოფარეხების უმეტესობა უნებართვოდაა აშენებული და 90-იანი წლების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი დანიშნულების მიხედვით აღარ იყენებს. ფარეხების ფიქტიური მფლობელები კი საკუთარ ავტომობილებს ფარეხის ნაცვლად სხვა ადგილას, ქუჩაში ან კორპუსის ეზოებში აჩერებენ.

ბოლო წლებში, რუსთავის მერიის ინიციტივით შიდა ეზოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ეზოების გარკვეული ნაწილი შეიცვალა, ნაწილი კი კვლავ ძველებურად ინახავს "გარაჟებიანი ეზოები"-ს ისტორიას.

 

RUSTAVI