რუსთავის №7 საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა დაიწყო. შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. ერთმანეთს ქვემო ქართლის შვიდი მუნიციპალიტეტის გუნდები გოგონებისა და ბიჭების კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.
სპორტულ ღონისძიებას ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, ესწრებოდა. შეჯიბრების ბოლოს მონაწილე გუნდები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, გოგონებში გამარჯვებულ რუსთავის გუნდსა და ბიჭებში გამარჯვებულ წალკის გუნდს კი თასი გადაეცა.
სასკოლო ოლიმპიადა სპორტის 6 სახეობაში: ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, გეზრბენსა და ხელბურთში იმართება. ფინალურ ეტაპზე კი ერთმანეთს რეგიონებში გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან. დასკვნითი ეტაპი მაისის თვეში თბილისში გაიმართება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით უკვე 4 წელია მიმდინარეობს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით მასში აქტიურად არიან ჩართული რუსთავის საჯარო და კერძო სკოლები.
ავტორი: ირმა კურტანიძე