მიმდინარე წლის 1 მაისიდან სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, მათ შორის კაფე ბარებსა და რესტორნებში, თამბაქოს მოწევა აიკრძალება.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, როგორ შეხვდებიან რუსთავში არსებული კაფე-ბარები და რესტორნები მოწევის აკრძალვიის შესახებ კანონს და გამოიწვევს თუ არა ეს ცვლილება მომხმარებელთა შემცირებას.
რესტორანი "სამეფო" - "შეგუებით რთულად შეეგუება ხალხი ცვლილებას, თუ კანონი არის, კანონი უნდა მოქმედებდეს ყველაზე, დღესდღეობით ჩვენს რესტორანში ნებადართულია მოწევა, კანონის ძალაში შესვლიდან, შეიძლება შემცირდეს მომხმარებელთა რაოდენობა."
რესტორანი "იმპერია" - "მწეველთათვის კუთხე გამოყოფილი გახლავთ, ვფიქრობ, რომ ეს არ აისახება სტუმრიანობაზე, რა თქმა უნდა, აქვთ სურვილი, რომ დარბაზში უფრო თავისუფლად ისარგებლონ თამბაქოს მოწევით, როგორც იყო ადრე, ამ კუთხით შეზღუდვები ყველას არ მოსწონს, მაგრამ სტუმრიანობაზე ეს არ ასახულა"
კაფე "ასკილი" - "ჩვენ უკვე ერთი წელია, კაფეს 2 სართულზე მოწევა აკრძალული გვაქვს, არცერთ სივრცეში არ ეწევიან გარდა სხვენისა, რომელიც კარით არის გამოყოფილი, ანუ იზოლირებული სივრცეა, აივნებია გამოყოფილი სპეციალურად მოსაწევად."
კაფე "ფორსეპალსი" - "მომხმარებელთა რაოდენობაზე, არამგონია დიდად იმოქმედოს ამ საკითხმა, იმიტომ, რომ ჩვენთან აივანიც არის და შესაბამისად იქ მოწევა პრობლემა არ იქნება, არც ზამთრის პერიოდში, რადგან გათბობა გვაქვს აივანზე, ყველგან გვაქვს გამოყოფილი სივრცეები, სადაც შეუძლია ადამიანს სიგარეტის მოწევა ისე, რომ არ შეუქმნას პრობლემა კანონთან მიმართებაში, ერთი პრობლემა ამ კანონთან მიმართებაში, რაც შეიძლება ჩანდეს არის, აღსრულება როგორ მოხდება, ვინაიდან ფიზიკური პირი, რომელიც კაფეში მოწევს, არსად არ არის გაწერილი როგორ უნდა მოიქცეს დაწესებულების თანამშრომელი იმ შემთხვევაში თუ გაფრთხილებას არ მეორჩილება მოქალაქე, გასაგებია, რომ დაწესებულება დაჯარიმდება თუ არ ექნება შესაბამისი ნიშნები, მაგრამ რა მოხდება თუ მოქალაქე არ ემორჩილება, ეს, სამწუხაროდ, კანონში ვერ წავიკითხე, როგორ შეიძლება მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება."
"თამბაქოს კონტროლის კანონის" მე-10 მუხლის თანახმად, რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური მოსაწევი ადგილები. ამასთან, ასეთი ზონის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელთათვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50%-ს.
შეგახსენებთ, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და ის ძალაში მიმდინარე წლის1 მაისიდან შევა. კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს.
ავტორი: ირმა კურტანიძე