ანტიოკუპაციური ტაქსი ქუჩებში

2018-02-19 17:06:42

თბილისში "ანტიოკუპაციური ტაქსი" ივლის. ტაქსის იდეა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას, არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალა ერთობაშიას" ეკუთვნის.

ტაქსს, რომელიც საქართველოს დროშითა და მავთულხლართების სტიკერებით იქნება გაფორმებული, დადგენილი ტარიფი არ ექნება და მგზავრი თვითონ გადაწყვეტს მგზავრობის საფასურის ოდენობას.

გარდა ამისა, მანქანის სალონში დამონტაჟებულ მონიტორზე რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი ვიდეორგოლები იქნება ჩართული. კვირაში ერთხელ კი მგზავრებს მძღოლობას ცნობადი სახეები გაუწევენ.

"ანტიოკუპაციური ტაქსით" მგზავრობისას გადახდილი თანხა ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია" სამოქალაქო-საპატრულო ჯგუფის მისიის შეუფერხებლად შესრულებას, ასევე შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, საოკუპაციო ზოლში მდებარე სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება.

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე