შსს-ს განცხადება

2025-11-21 11:22:38

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, 2019 წლის 23 ივნისს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა 1932 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.

სხეულზე მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად მ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენი პირი გ.ფ. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.