გარდაბნის საკრებულოს წევრსა და ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე გივი ძმანაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ საპატიმრო გირაო განუსაზღვრა.
"რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულ გ.ძ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ საპატიმრო გირაო განუსაზღვრა.
შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია რომ, სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს საპატიმრო გირაო შეუფარდა. " - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
"ინფო რუსთავი" გარდაბნის მერს რამაზ ბუდაღაშვილს გივი ძმანაშვილის დაკავების დეტალებისა და გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ნათესაური კავშირის არსებობის, გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა.
"მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს, ეგ არის სისულელე, ვიღაცამ რაღაც ჭორი ააგორა. არ ვიცი ზუსტად, მე მგონი წინა წლებში ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე რომ იყო იმ საქმეს უკავშირდება (მისი დაკავება), ჯერ ვნახოთ მიმდინარეობს გამოძიება და მეც ველოდები გამოძიების შედეგებს. წინა საკრებულოს მოწვევის დროს მე არანაირი კავშირი არ მქონია მუნიციპალიტეტთან და რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ ნათესაური კავშირი მაქვს, ასე არ არის, ეს არის ტყუილი, თუნდაც იყოს, დასამალი არ არის, მაგრამ არანაირი ნათესაური კავშირი არ გამაჩნია (გივი ძმანაშვილთან). " - განაცხადა ბუდაღაშვილმა.
გივი ძმანაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ავტორი: ირმა კურტამიძე