რუსთავის მერიასა და ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, რუსთავის ქუჩებსა და სკვერებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება, რომელზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით ნებისმიერი მსურველი წიგნის საკუთარ ტელეფონში ჩამოტვირთვას და ინტერნეტის გარეშე წაკითხვას (Saba Reader აპლიკაციაში) სრულიად უფასოდ შეძლებს.
"მოხარულები ვართ, რომ ძალიან მალე რუსთავის მოსახლეობას საშუალება ექნება რომ ისარგებლოს უფასოდ ელექტრონული წიგნების სახლის "საბას" მიერ განხორციელებული პროექტით "ქალაქი ბიბლიოთეკით", რომელიც გულისხმობს მწერლების სახელობის ქუჩებზე და სკევერებში კონსტრუქციების განთავსებას, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ თავიანთ ტელეფონებში გადმოტვირთონ უფასოდ ელექტრონული წიგნები, მათ შორის ხმოვანი წიგნებიც " - განაცხადა ელექტრონული წიგნების სახლის "საბას" დირექტორმა ირინა ჯავახაძემ.
"ეს იდეა ახალგაზრდებისგან იყო წამოსული, ქალაქში სპეციალური სტენდები განთავსდება, როლებშიც ჩატვირთულია დაახლოებით 60 სხვადასხვა რომანი, ეს ყველაფერი განთავსდება ხალხმრავალ ადგილებში, სადაც საშუალება ექნებათ (მოქალაქეებს) მათთვის სასურველი რომანი გადმოტვირთონ აპლიკაციის საშუალებით" - აღნიშნა ქალქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავი რიგით მესამე ქალაქია, რომელშიც პროექტი „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ განხორციელდება.
ავტორი: ირმა კურტანიძე