ჯარისკაცმა თავი მოიკლა

2018-02-06 19:12:50

თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის, 31 წლის თემურ სულიაშვილის ცხედარი დაბა ტაბახმელას ტყეში იპოვეს. ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 8 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდამ თავი მოიკლა. როგორც „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თემურ სულიაშვილის ოჯახის წევრმა პოლიციას 28 იანვარს მიმართა და განაცხადა, რომ თემურ სულიაშვილი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

სამინისტროს განცხადებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ, თემურ სულიაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სახის ძებნის ღონისძიებები ჩაატარა, გადამოწმდა საავადმყოფოები, დაკარგული პირის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიულ დანაყოფს, შეიქმნა სამძებრო საქმე. 3 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, მაშველებთან ერთად, დაათვალიერეს დაბა კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა სასწავლებელის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი.

4 თებერვალს დაბა ტაბახმელის ტყეში, მოქალაქემ, რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა, თემურ სულიაშვილი გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილება გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თემურ სულიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში გადაასვენეს. გარდაცვლილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.