რუსთაველი მომღერალი რუსუდან ბარბაქაძე უკვე წლებია ვენაში წარმატებით მოღვაწეობს. აქვს სოლო კონცერტები და საჯარო გამოსვლები. ის ავსტრიელი მსმენელის წინაშე ქართული ნაწარმოებების გაცნობასა და პოპულარუზაციასაც ახერხებს.
რუსუდან ბარბაქაძემ რუსთავის #2 საჯარო სკოლა დაამთავრა, პარალელურად პირველ მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ხელოვნების სასწავლებელში, მოგვიანებით სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო, ამავე პერიოდში რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში ვოკალის პედაგოგად მუშაობდა. 29 წლის ასაკში კი ვენაში გაემგზავრა.
მომღერალი თავისი ავსტრიული ცხოვრების შესახებ "ინფო რუსთავს" ესაუბრა.
"საწყის ეტაპზე ვსწავლობდი რუსთავის ხელოვნების სკოლაში ბატონ გივი ფეიქრიშვილთან, მისი დამსახურებაა ჩემი ხმის დამუშავება. შემდეგ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 5 წელია უკვე ვენაში ვმოღვაწეობ.
უამრავი ბიუროკრატიული პრობლემის გადალახვა მომიწია ვიზასთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, ოჯახის და მეგობრების დახმარებით მოვახერხე გამგზავრება. თავდაპირველად კულტურული შოკი მქონდა, როგორც ყველას. ნამდვილად რთული იყო ყველაფრის ნულიდან დაწყება. ვენის უპირატესობა მრავალფეროვანი მუსიკალური ცხოვრებაა. რთულია, რა თქმა უნდა, პოზიციების დაკავება და შენარჩუნება, მაგრამ რაც მთავარია შრომისმოყვარეობა და ნიჭი ფასდება და ყურადღებას იპყრობს."
რუსუდან ბარბაქაძე ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტში მონაწილეობს, გარდა ამისა, ახალი სპექტაკლებისთვისაც ემზადება.
"ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტში, მათ შორის "ხმები სამშობლოდან", რომელიც კლასიკური და უცხო ქვეყნების ხელოვნების პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ამ პროექტით მოვახერხე მრავალი ქართული ნაწარმოები გამეცნო ავსტრიელი მსმენელებისთვის. მაქვს სოლო კონცერტები და საჯარო გამოსვლები. ამჟამად ვამზადებ ახალ სპექტაკლს მოცარტის "იდომენეო" და პუჩინის "ტურანდოტ". ზაფხულში იგეგმება მოცარტის "სერიალიდან გატაცების" დადგმა, რომელშიც კონსტანცეს პარტიას შევასრულებ. კიდევ არის სხვადასხვა ფორმატის კონცერტები, მათ შორის ოპერეტები, რაც ძალიან პოპულარულია ავსტრიაში."
ქართველი მომღერალი ამბობს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო სამშობლოში სტუმრობას ხშირად ვერ ახერხებს, თუმცა როცა ამის შანსი ეძლევა, ყოველთვის სიამოვნებით სტუმრობს საქართველოს.
ავტორი: ირმა კურტანიძე