"ფასის მომატებას ჩვენ არასოდეს არ დავეთანხმებით" (ვიდეო)

2016-12-22 19:18:00

საკრებულოს 30-ე სხდომაზე ხმაური კომპანია "ინტერტრანსის" ხელშეკრულების გადავადების საკითხს მოჰყვა. აღნიშნულმა კომპანიამ რუსთავის საკრებულოს წერილით მიმართა 2014 წლის 10 თებერვლის №218-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიას 2016 წლის ბოლომდე ყველა თეთრი მიკროავტობუსი ყვითელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა ჩაენაცვლებინა. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციებისთვის "ინტერტრანსს" ვადა 2017 წლის 1 დეკემბრამდე გადაუტანოს, თუმცა სხდომაზე ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლები ერთ აზრზე შეთანხმდნენ, რომ კომპანიამ ტარიფის გაზრდის მიზეზი დასაბუთებულად  წარმოადგინოს და დაუყოვნებლივ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დადგენილ ვადებში. ამ დროისთვის "ინტერტრანსის" დავალიანება ქალაქის ბიუჯეტის მიმართ 108 000 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის თანხის დაფარვის ფორმებზე მოლაპარაკება თვითმმართველობასა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მიმდინარეობს.

თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს: ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ, საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციიდან კახა ბარათაშვილმა, საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნების" ფრაქციიდან უტა ლიპარტიამ და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ.