საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაშავებულთა შორისაა საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, დაწესებულებაში 4 პაციენტია მოთვსებული,რომელთაც გულ-მკერდის, ქვედა კიდურისა და თავის ტვინის ტრავმები აღენიშნებათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმი არ გამორიცხავს იმას, რომ ერთ-ერთ პაციენტს ქვედა კიდურზე ოპერაცია დასჭირდეს.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები სამ სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებულები.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომხდარ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოყვება - "ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება ამ კონრეტულ ფაქტს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. თუ ვისი პასუხისმგებლობაა დღეს მომხდარ ამბავში, ამას დაადგენენ შესაბამისი სამსახურები" - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა. ნახეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.
ავტორი: ირმა კურტანიძე