მეტროში მამაკაცის დაკავების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამართალდამცავების მიერ მოქალაქის დაკავება ყველა წესისა და კანონის დაცვით მოხდა.
"28 იანვარს მეტროსადგურ "თავისუფლებსათან" შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტროპოლიტენის მიმართულებით, პატრულ ინსპექტორებმა შეაჩერეს ისინი იდენტიფიცირების მიზნით, ამ დროს როდესაც პოლიცია ახორციელებდა კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან ორი პირი გამოესარჩლა პოლიციელების მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედებები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადაიფურთხეს და მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. პოლიციელის შეურაცხყოფა და მათ მიმართ აგრესია ისჯება კანონით, ამიტომ პოლიციამ დაიწყო მათი დაკავება, რა დროსაც პირებმა განაგრძეს პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, სწორედ ეს არის ასახული სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში"
როგორც შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, მომხდარის სრულ კადრებს ოფიციალური უწყება სასამართლოში წარადგენს.
სოციალურ ქსელში მოქალაქის დაკავების ვიდეო გუშინ გავრცელდა.
ავტორი: ირმა კურტანიძე