კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე დედაქალაქში მოძრავ ტრანსპორტზე და ქალაქის საცობებისგან გათავისუფლების საკითხებზე ისაუბრა. მერის განცხადებით, იგეგმება ტაქსების მომსახურების გაუმჯობესება. სავალდებულო გახდება მათი რეგისტრაცია. "კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება. თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქტის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს",- განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ.
კახა კალაძე ასევე შეეხო დედაქალაქში ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების საკითხსაც და აღნიშნა რომ - "თბილისში ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა ჯარიმა იმდენად მცირეა, რომ ამ წესს არღვევენ. თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია. ეს თანხა 500 ლარამდე უნდა გაიზრდოს. ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეებისთვის ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა, "– განაცხადა კალაძემ.
საცობების პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, კონკრეტულად: მოხდება მეტროს რეაბილიტაცია, განახლდება ავტობუსების პარკი, დასუფთავების და სადისტრიბუციო მანქანებს ექნებათ სპეციალური გრაფიკი, ასევე მოწესრიგდება მიკროავტობუსების გაჩერების წესი.