რუსთავში N2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
მიზეზი კონსტრუქციული პროექტის აღდგენის პრინციპის ცვლილებაა, რადგან სკოლის შენობა ავარიულია.
ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კომპანია შპს "ჯისიჯის", რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ხელმძღვანელმა თემო დალაქიშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის მომზადება. დოკუმენტების მოძიებას კი დრო დასჭირდა, რის გამოც სამშენებლო პროცესი დროებით შეჩერებულია.
"ახლა მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის მომზადება. ახალი კონსტრუქცია მოეწყობა ზუსტად იგივე ზომის, ფორმის და არქიტექტურის. უბრალოდ ამ დოკუმენტაციის მოძიებას დრო დაჭირდა და გვთხოვეს, რომ მანამდე შეგვეჩერებინა სამუშაოები. არაფერი არ იცვლება, არც ვიზუალური თვალსაზრისით და არც ფორმა-ზომის.
რაც აღდგენის პროცესის პირველ ეტაპზე გამოჩნდა, ტექნიკურად აღდგენა, როგორც პროექტში იყო გათვალისწინებული იმ მეთოდოლოგიით ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად, შეიცვლება კონსტრუქციული პროექტის აღდგენის პრინციპი და ამ პრინციპით აღდგება. სამშენებლო პროცესი ამ ეტაპზე გაჩერებულია, რადგან ველოდებით პროექტის ცვლილებას",- განგვიცხადა თემო დალაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსთავში მე-2 საჯარო სკოლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 10 649 653 ლარის ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.
იქამდე სანამ მე-2 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება მოსწავლეები მე-17 და 26-ე საჯარო სკოლაში არიან გადანაწილებულები.