ჯარიმა "112"-ში ზარის არამიზნობრივ განხორციელებაზე

2025-03-05 16:22:49

2025 წლის 1-ლი აპრილიდან არასრულწლოვნის მიერ "112"-ის არამიზნობრივ გამოყენებაზე ჯარიმა ამოქმედდება.

აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შედის ძალაში. მათ შორის, ჯარიმა იქნება გამოყენებული, არასრულწლოვნის მიერ "112"-ს არამიზნობრივ გამოყენებაზეც.

უფრო კონკრეტულად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება: არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო, სასტიკი მოპყრობით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, "112"-ის – არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.