რუთავში მიწის ნაკვეთების ფასი, ბოლო სამ წელიწადში, გაორმაგდა. ამის შესახებ "ინფო რუსთვს" უძრავი ქონების აგენტმა, ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა.
უძრავი ქონების აგენტის თქმით, ქალაქში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო, თუმცა ინტერესმა ბოლო წლებში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ფასების ზრდაც სწორედ აქედან გამომდინარეობს.
მიწის ნაკვეთების ფასს, პირველ რიგში, მისი ადგილმდებარეობა განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია რამდენად პრესტიჟულია ადგილი და ასევე, რამდენად ახლოსაა ცენტრალურ გზასთან ის.
უძრავი ქონების სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 70 დოლარიდან (ლარის ექვივალენტში) იწყება და 120 დოლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება საკორპუსე მიწებს, აგენტები ამბობენ, რომ ასეთი ნაკვეთები დეფიციტურია, ღირებულება კი 1 კვადრატულ მეტრზე 200-250 დოლარია.
მათივე ინფორმაციით, ორივე მიმართულებით, ყველაზე მოთხოვნადი თბილისის ქუჩაა, სადაც პრაქტიკულად მიწის ნაკვეთის ყიდვა უკვე შეუძლებელია.
უძრავი ქონების ბაზარზე, ადგილობრივი მცხოვრებლების გარდა, საქართველოდან წასული ემიგრანტებიც აქტიურობენ.