"ხელფასების ზრდა და სამსახურიდან გათავისუფლებულების უკან დაბრუნება"

2025-02-08 17:35:07

რუსთავში მეორე დღეა მეტალურგიული საწარმოს თანამშრომელთა ნაწილის პროტესტი გრძელდება.

მშრომელების მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელფასების ფიქსირებული თანხით, 500 ლარით ზრდას და გასულ თვეში სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას მოითხოვენ.

როგორც დასაქმებულები აცხადებენ, სამუშაო ადგილებს მხოლოდ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დაუბრუნდებიან.

მოლაპარაკებებისთვის შეხვედრა საწარმოს ადმინისტრაციასა და მშრომელებს შორის გუშინ, 7 თებერვალს შედგა, თუმცა უშედეგოდ, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

"ამ ეტაპზე არ შეგვიძლია ხელფასის მომატებაო, გვითხრეს. საუბარი ჰქონდათ გრძელვადიან პერსპექტივებზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან მრავალჯერ იყო დანაპირები და არ შესრულდა", - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.

შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად, სამუშაო ადგილები დატოვებული აქვს ფოლადსადნობის წარმოებაში დასაქმებულ 400-მდე ადამიანს.

"ინფო რუსთავი" საკითხზე კომპანია "რუსთავის ფოლადს" გუშინვე დაუკავშირდა, თუმცა მათი მხრიდან კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები