საგარეჯოში, სოფელ ანთოკში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 38 წლის მამაკაცია.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცს რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. მოკლული გიორგი ფეიქრიშვილი მწყემსმა იპოვა.
მოკლულის მამა და მეგობრები ჰყვებიან, რომ მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო კონფლიქტი, რის შესახებაც იცოდნენ და მოგვარებას ცდილობდნენ.
მათივე თქმით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე წარსულში მეგობრები იყვნენ, თუმცა მათ შორის უთანხმოება ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მკვლელობით დასრულდა.
მოკლული 38 წლის კაცი დაპირისპირებულ მხარეს მარტო შეხვდა, რის გამოც, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.
"სახლიდან გავიდა 2 საათზე და ალბათ, მალევე შეხვდა მკვლელს. მე 4 საათზე შემატყობინეს ეს ამბავი. სხვა დეტალები არ ვიცი. ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდესო, ასე თქვეს. დეტალები ზუსტად არ ვიცი. საგარეჯოში ჩაისვა მანქანაში მკვლელმა, არ ვიცი სად მოკლა, რა მოხდა, სხვა დეტალები არ ვიცი. შეიძლება აქვე მოკლა და სადღაც სოფელში ჩამოაგდო.
გიორგი ქურდოვანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი ბავშვობაში მეგობრები იყვნენ. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. მოკლული მწყემსმა იპოვა. ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი. მოტივი რა არის, არც ეგ ვიცი. ალბათ, ძალიან დიდი უთანხმოება, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება. მაგას პოლიცია გაარკვევს", - ამბობს მოკლულის მამა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დაკავებულია ერთი პირი.
კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 40 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ის კახეთის სამხარეო დეპარტამენტის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.