შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“.
„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ: 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს, 1987 წელს დაბადებულ კაკო ტუღუშს მეტსახელად „ენცო“ და 1976 წელს დაბადებულ მამუკა ჩხაბერიძეს მეტსახელად „მამუკა ხონსკი“.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.