ზურაბ ჭანტურიას პრესკონფერენცია

2018-01-19 16:43:12

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სპეციალური განცხადება გააკეთეს. პრესკონფერენციაზე გიორგი ჭანტურიას მამამ, ზურაბ ჭანტურიამ 29 დეკემბერს, მისი და მისი შვილის მერიიდან გაშვების თაობაზე ისაუბრა. ჭანტურიას თქმით, მისთვის მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა მისი ვარაუდით, ეს "პარტიის ზედა ფენებში" გადაწყდა. ზურაბ ჭანტურიას პრესკონფერენციაზე ყურადღება არ გაუმახვილებია ე.წ სტამბულის ბაზრის წილებზე და ამ საკითხთან დაკავშირებულ ვერსიებზე. მისი განცხადებით, მას ქუთათელაძესთან შეხება თითქმის არ ჰქონია, ხოლო გიორგი ჭანტურიას და ქუთათელაძის ურთიერთობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრესკონფერენციაზე ალიბთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გიორგი ჭანტურია და მამამისი, ზურაბ ჭანტურია იმ დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა, ბანკში იმყოფებოდნენ. კობაიძის განცხადებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ. ჟურნალისტების კითხვაზე: ჰქონდა თუ არა ქუთათელაძეს გარკვეული ფინანსური დავები, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შესაძლოა, ქუთათელაძეს მართლაც ჰქონდა თანხასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც ზურაბ და გიორგი ჭანტურიას მერიიდან გათავისუფლების შესახებ თვითმმართველობაში განგვიცხადეს, გიორგი ჭანტურიამ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თავისი ნებით დაწერა, ხოლო ზურაბ ჭანტურიას ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც მოხდა მისი მერიიდან გათავისუფლება.