მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში ხელი მოაწერა და შესაბამისად, 30 დეკემბერს ძალაში შედის პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებული წესით მიღებული კანონები, რომლებსაც არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების ნაწილი რეპრესიულად მიიჩნევს.
კანონები, რომლებიც დღეიდან ძალაშია:
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები
პიროტექნიკის, ლაზერებისა და სახის დაფარვის აკრძალვა აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები შედეგად.
გაზრდილია ჯარიმა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული (1000 ლარის ჯარიმა და მართვის უფლების 1 წლით შეჩერება);
ჯარიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისა და ვანდალიზმისთვის (1000 - 3500 ლარამდე);
ახალი სამართალდარღვევები:
შსს-ს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან/და დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება (2000 ლარი, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით);
შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის, ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას;
ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა (2000 ლარის ჯარიმა);
შეკრებებისა და მანიფესტაციების სხვა წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები (500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი, ორგანიზატორზე - 15000 ლარი).
ეს კანონები ჯერ ამოქმედებული არ იყო, რადგან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მათ ხელს არ აწერდა. თუმცა დღეს ისინი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა ყაველაშვილის ხელმოწერით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალაში შედის 30 დეკემბრიდან.