სტრასბურგმა რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო

2024-12-17 17:47:15

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში "ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლად ცნო.

საქმეში "ტაგანოვა და სხვა პირები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ ექვსიდან ხუთი აპლიკანტის შემთხვევაში დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც საკუთრების დაცვას ეხება, და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლი, რომელიც პირადი და საოჯახო ცხოვრების პატივისცემის უფლებას ეხება.

აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, იმ ქონებას, რომელიც მოსარჩელეებს აფხაზეთში, საქართველოში, დარჩათ ან რომლის გამოყენებაც ვეღარ შეძლეს.

იმ მიზეზით, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის კონტროლს ექვემდებარებოდა და ის ქონებრივი უფლებების დაცვისთვის, განსაკუთრებით ქართველი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, არანაირ ძალისხმევას არ იჩენდა, სასამართლომ ქონებასთან დაკავშირებულ მიმდინარე დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დააკისრა.

სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფხაზეთი არის ტერიტორია, რომელზეც დე ფაქტო კონტროლს რუსეთი ახორციელებს. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებს სახლები აფხაზეთში ჰქონდათ, თუმცა, საკუთარი ქონების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მათ არც საქართველოში და არც რუსეთში სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე წვდომა არ ჰქონდათ. რუსეთის მიერ ტერიტორიის კონტროლისა და მისი მხრიდან საკუთრების უფლებების დაცვისთვის ძალისხმევის ნაკლებობის გათვალისწინებით, კერძოდ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, სასამართლომ ამ საქმეში საკუთრებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე პასუხისმგებლად მხოლოდ რუსეთი ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა მოსარჩელეებს, ბატონ ესართიას უნდა გადაუხადოს 25,000 ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, ხოლო ქალბატონ მეხუზლას, ქალბატონ სანაიას, ქალბატონ დვალსა და ქალბატონ გოგიას თითოეულს — 35,000 ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ასევე, სასამართლომ რუსეთს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს საერთო მოთხოვნების ფარგლებში ყველა მოსარჩელის სახელით ხარჯებისა და დანახარჯებისთვის 18,000 ევროს გადახდა დაავალა.