პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ რუსთავში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
გახარიამ რუსთავთან დაკავშირებით პარტიაში არსებულ ხედვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა, პირველ რიგში, ამ ქალაქის თბილისთან მჭიდრო დაკავშირება მოხდეს.
"თბილისისა და რუსთავის განვითარების გეგმა უნდა გაკეთდეს ერთობლივად. ამ ორ ქალაქს ერთობლივად აქვს შესაძლებლობა, რეგიონალური მასშტაბის და მნიშვნელობის დიდი აგლომერაცია შეიქმნას, რომელსაც უზარმაზარი ეკონომიკური მიზიდულობის ძალა ექნება. ამისთვის არის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პრობლემა გადასალახი, პირველ რიგში, თბილისი და რუსთავი არის ერთმანეთთან უმჭიდროვესად დასაკავშირებელი ტრანსპორტის საშუალებით. ეს იქნება მიწისზედა მეტრო, მეტრი, საგზაო ინფრასტრუქტურა...
მოგეხსენებათ, რუსთავი არის ინდუსტრიული ქალაქი, აქ არის ბევრი სამუშაო ადგილი და მაღალი კვალიფიკაციის, ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდა მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია, დასაქმდეს როგორც აქ, ასევე თბილისში. ასე რომ, მთავარია, რუსთავი და თბილისი ერთმანეთს ძალიან მჭიდროდ დაუკავშირდეს. ამის შემდგომ, გადადინების ეფექტი ბევრ პრობლემას მოაგვარებს და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება ის ფუნქცია, რომელიც რუსთავმა შეიძლება აიღოს ამ დიდ აგლომერაციაში.
ამასთან, ყველასთვის გასაგებია, რომ რუსთავსა და თბილისს შორის ძალიან დიდი ტერიტორიებია აუთვისებელი, რომელსაც შეიძლება თავისი ეკონომიკური და სოციალური ადმინისტრაციული დატვირთვაც ჰქონდეს. მე მაგალითად, დიდი სიამოვნებით განვიხილავდი საკითხს, ადმინისტრაციული შენობების თბილისიდან ამ ტერიტორიაზე გადმოტანის", - განაცხადა გახარიამ.