რუსთავის მერიამ ქალაქის ბრენდირება დაიწყო

2024-09-17 12:20:11

"ახალი ქალაქი დიდი ისტორიით",- რუსთავის მერიამ  ქალაქის ბრენდირება დაიწყო.

ქალაქისთვის შეიქმნა ახალი ლოგო, სლოგანი და მასთან მაიდენტიფირებელი ფერთა გამა.

ბრენდბუქის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მედიათეკაში გამართა.

"რუსთავში მიმდინარე გამოწვევების დაძლევასთან ერთად ქალაქი დღეს არის განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც საჭირო გახდა ჩვენს ქალაქს ჰქონოდა თავისი იდენტობის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშანი, სლოგანი, რომელიც გააძლიერებს როგორც სიამაყის გრძნობას რუსთაველებში, ასევე დაგვანახებს იმ პერსპექტივას, რომელიც გვაქვს. ჩვენი ქალაქი არის ახალი, თუმცა აქვს ძალიან დიდი ისტორია, სწორედ ამას გავუსვით ხაზი, როდესაც ბრენდინგზე ვმუშაობდით გუნდი. ფერები აღებულია მუზეუმში დაცული ექსპონატებიდან, სადაც ფირუზის ფერი ჭარბობდა. ჩვენი ქალაქის ახალი განვითარება და რებრენდინგი მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო ახლებურად გავიაზროთ დღევანდელი მდგომარეობა და შევქმნათ ის მომავალი, რომელზეც რუსთაველები ვთანხმდებით.

რაც შეეხება ლოგოს, ძირითადი მიმართულებები აღებულია გერბიდან, ციხესიმაგრე იყო მთავარი ინსპირაციის წყარო, რომელიც ისტორიის ნაწილში ჩვენი ქალაქისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აქვე უნდა ვთქვათ, რომ რუსთავის გუნდი ვიწყებთ ამ ისტორიის კიდევ უფრო მეტად საზოგადოებამდე მიტანასა და გაცოცხლებას, რადგან ციხე არის მე-4 საუკუნის, კიდევ უფრო ადრეული არტეფაქტები გვაქვს მუზეუმში დაცული, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რუსთავის ისტორიის ეს ნაწილი არ არის ცნობილი. ქალაქი წლების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც საწარმოები ქალაქი, თუმცა აქედან დიდი ხანია გამოვედით და ვცდილობთ, ბრენდინგითა და ახალი მიდგომებით ყველას დავანახოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ქალაქს.

ასო "რ-ში" გამოყენებულია დახრები, რომელიც აღნიშნავს აღმავლობას, აღნიშნავს რუს. გუნდმა დიდხანს ვიმუშავეთ იმისთვის, რომ შედეგი გვქონოდა ზუსტად ისეთი, როგორიც ქალაქს სჭირდება",- განაცხადა ლაცაბიძემ.