ბინიდან გამოსახლება ქირის გადაუხდელობის გამო

2024-07-12 19:19:16

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

რუბრიკის დღევანდელი თემაა -ბინიდან გამოსახლება ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში. საუბრობს მაღალკვალიფიციური ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი.

"2023 წლის დასაწყისში იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, აღსრულების ბიუროში შესაძლებელი ხდებოდა უძრავი ქონების იჯარის ან ქირავნობის რეგისტრაცია. პროექტის მიხედვით, თუ დამქირავებელი დაარღვევს ვალდებულებებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სასამართლოს გარეშე, შეეძლება გამოსცეს აქტი, რომლის საშუალებითაც დაჩქარებული წესით მოხდება დამქირავებლის გამოსახლება და გადაუხდელი თანხის დაკისრება. ბევრი დადებითად შეხვდა ამ ინიციატივას, თუმცა უკვე 2024 წლის ივლისია და ეს პროექტი ისევ ინიციატივად რჩება.

დღეს არსებული კანონი კი, დაუცველ მდგომარეობაში აყენებს ბინის გამქირავებელს. უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში, მხარეებს შორის იდება ხელშეკრულება, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრება თუ რა თანხად და რა პერიოდით ხდება მითითებული ფართის გაქირავება. საგადასახადო დაბეგვრის განსახორციელებლად, ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებ უნდა დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრეულების ერთ-ერთი მხარე არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, მაგალითად შპს ან სააქციო საზოგადოება და ხელშეკრულება დადებულია 1 წელზე მეტი ვადით, მაშინ რეგისტრაცია საჯარო რეესტრშიც უნდა გაფორმდეს.

თუ დამქირავებელი 3 თვის განმავლობაში არ იხდის ქირას და არც ბინას ათავისუფლებს, სამართლებრივად, თქვენ მხოლოდ ერთი გზა გაქვთ. მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა, გაქირავებული ფართის უკან დაბრუნება და დამქირავებლისათვის ბინის ქირის გადახდევინება, იმ პერიოდისათვის, სანამ ის თქვენს სახლში ცხოვრობს. სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე და მაღალი ალბათობით, თქვენთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამ პროცედურას კი საშუალოდ 1 წელი სჭირდება.

პირველი ინსტანციის მოსამართლეს შეუძლია, რომ აღსრულების ბიუროს დაავალოს თქვენი ბინის გამოთავისუფლება, თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევა, რომ ასეთ მოთხოვნას სასამართლო არ აკმაყოფილებს და საქმის განხილვა ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გრძელდება, ამ პროცედურას კი, დამატებით 2 წელი მაინც მიაქვს. დაიმახსოვრეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დამქირავებელი საქართველოს მოქალაქეა თუ არა, ვინაიდან კანონი ყველასათვის ერთია, თუმცა უცხოელებთთან მიმართებაში, ზიანის ანაზღაურება უფრო რთულია. მას თუ არ გააჩნია საქართველოში არანაირი ქონება, მისგან ზიანის ანაზღაურება და თანხის ამოღება, თთქმის შეუძლებელი ხდება".