საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის, საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ორგანიზებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული ა.დ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით , ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: 1993 წელს დაბადებული ი.ო -ს და 1999 წელს დაბადებული ქ. ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის "სარფის" გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოყვანას ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული დ.-ი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს დატოვებას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე, 344-ე, 24-344-ე პრიმა და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს.