"ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისიდან უვადო გაფიცვას იწყებს.
გაფიცვაში მონაწილეები "ევოლუშენ ჯორჯიას" მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ.
როგორც მათ აღნიშნეს, უწყვეტი გაფიცვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად გაფიცვას 5000-მდე პირი შეუერთდება.
ცნობისათვის, ონლაინ-მედია "მაუწყებლის" პლატფორმამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავდნენ, რომ "ევოლუშენ ჯორჯიას" კომპანიის მენეჯერები დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას იჩენდნენ დასაქმებულებისადმი.
"მაუწყებლის" ცნობით, მენეჯერების "ჩატის" მიმოწერები მათ ანონიმურად მიაწოდეს.
აღნიშნულს გამოეხმაურა "ევოლუშენ ჯორჯიაც". კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და უმკაცრესი ზომები მიიღონ".